ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენი თავები ცენტრალური გათბობის სისტემების გარეშე წარმოვიდგინოთ ზამთრის ცივ დღეებში. მაგრამ ეს საჭიროება, სხვა ბევრისგან განსხვავებით, დროს არ მოუტანია. ჩვენამდე ათასწლეულებით ადრე მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებოდათ სითბო, სულ მცირე იმისთვის, რომ ცხოვრება შესძლებოდათ და ზამთრის ყინვისგან თავი დაეცვათ. ამიტომაც, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენი შორეული წინაპრები გათბობის ათასგვარ მეთოდს იყენებდნენ. ზოგიერთი მათი გამოგონება იმდენად ჰგავს თანამედროვე გათბობის საშუალებებს, რომ შეიძლება უძველესი გამომგონებლები დროში მოგზაურებიც კი გვეგონონ.
დღევანდელ ბლოგში ვეცდებით ავხსნათ, თუ საიდან გაჩნდა ცენტრალური გათბობის პირველი ჩანასახი, ვინ შეძლო იდეის განხორციელება და როგორ პროგრესირდა საუკუნეების განმავლობაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარული გათბობის საშუალება.
ჩვენი კვლევა ძალიან, ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ. ტყუილად არ გვითქვამს, რომ თანამედროვე გათბობის სისტემის პირველი ჩანასახი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე გაჩნდა. თანაც
ერთდროულად სამყაროს რამდენიმე ნაწილში.
დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწისქვეშა გათბობის სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 5000-იანი წლებით თარიღდება. ასეთ მექანიზმს კორეულად ondol ჰქვია და დღესაც აქტიურად გამოიყენება, ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადაწყობილი სახით.
ტრადიციული ონდოლის ძირითადი კომპონენტია აგუნგი (ღუმელი), რომელიც გვერდითა ოთახთანაა დაკავშირებული (ჩვეულებრივ, ეს ოთახი სამზარეულო ან საძინებელია) და რომელიც სითბოს წარმოქმნის წყაროა. მომდევნო კომპონენტი ამაღლებული ქვის იატაკია, რომელიც ჰორიზონტალური კვამლის გასატარებელი მილებითაა დაფარული. ბოლოს კი ვერტიკალური ბუხარი მოპირდაპირე გარე კედელზე. გაცხელებული იატაკი ქვის ბურჯებს ეყრდნობა და ქვის ფილებით, თიხით და გაუმტარი ფენითაა დაფარული.
ონდოლი კორეის უმეტეს ნაწილში 1960 წლამდე გამოიყენებოდა, როგორც საცხოვრებელი სივრცე უბრალოდ ჯდომისა და დასვენებისთვის, ჭამის, ძილისა და სხვა აქტივობებისთვის.
თანამედროვე ცენტრალური გათბობის წინამორბედის შექმნა, ისევე, როგორც ბევრი სხვა გამოგონება, ძველ ბერძნებს მიეწერებათ. სწორედ მათ შექმნეს პირველად ცენტრალური გათბობის კონცეფცია. დიდი ზომის ნაგებობების გასათბობად შეიმუშავეს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ცენტრალურ ღუმელში წარმოქმნილი სითბო კვამლსადენების საშუალებით ცირკულირდებოდა მთლიან სივრცეში.
ბერძნებისგან შთაგონებულმა რომაელებმაც დაიწყეს ცენტრალური გათბობის საკუთარი მეთოდის შემუშავება და მოახერხეს კიდეც. მათი ტექნიკაც, მსაგვსად ბერძნებისა, სითბოს წარმოსაქმნელად ღუმელს იყენებდა, შემდეგ კი სითბო კედლებსა და იატაკში ჩაშენებული მილების საშუალებით ნაწილდებოდა ოთახებში.
სამწუხაროდ, რომის იმპერიის ჩამოშლის შემდეგ ადამიანები გათბობის უფრო პრიმიტიულ საშუალებებს დაუბრუნდნენ და ისევ ბუხარს მიმართეს. ეს ყველაფერი ათასწლეული გაგრძელდა. წარმოიდგინეთ, რამდენად შორს ვიქნებოდით დღეს, ძველი რომაელებისა და ბერძნების შემუშავებული ტექნიკა ათასწლეულის განმავლობაში რომ არ მიევიწყებინა კაცობრიობას.
დიდი პაუზის შემდეგ, ცენტრალური გათბობის იდეა ხელახლა გაჩნდა მე-18-19 საუკუნეებში. ამ პერიოდის სისტემები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: ცხელი ჰაერით, ცხელი წყლითა და ორთქლით მომუშავე.
1793 წელს ბრიტანელმა ინჟინერმა, უილიამ სტრუტმა შექმნა ბუხრის დიზაინი, რომელიც ჯონ ეველინის ასი წლის წინანდელ მოდელს ეყრდნობოდა. სტრუტის მიერ გამოგონებული მექანიზმის მიხედვით, მიწისქვეშა გზებით გარედან შემოსული ცივი ჰაერი ცენტრალურ ღუმელში სითბოდ გარდაიქმნებოდა და ცენტრალური სადინარების გავლით სივრცეში ნაწილდებოდა.
ცხელ წყალზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა პირველად რუსებმა გამოიგონეს მე-18 საუკუნის დასაწყისში. გამოგონების უმთავრესი მიზანი რუსეთის იმპერატორის, პეტრე I დიდის სასახლის გათბობა იყო. პარალელურად, სხვა ქვეყნებშიც ცდილობდნენ მსგავსი მექანიზმის შექმნას, მაგრამ ეს პროცესი 1830-იან წლებამდე გაგრძელდა მანამ, სანამ ცხელ წყალზე მომუშავე გათბობის სისტემები აქტიურად არ დაიხვეწა და დაიწყო ფართოდ გავრცელება ინგლისის საწარმოებსა და ეკლესიებში.
ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ორთქლზე მუშაობდა, ინდუსტრიული რევოლუციის კვალდაკვალ, შოტლანდიელმა მეცნიერმა, ჯეიმზ ვატმა გამოიგონა და პირველად საკუთარ სახლში გამოსცადა. მექანიზმი მაღალი წნევის ორთქლს იყენებდა სითბოს შესაქმნელად, რომელიც შემდგომ მილების საშუალებით გადაეცემოდა სახლის სხვადასხვა წერტილს. ვატის ცენტრალური გათბობის სისტემა კი მალევე მანჩესტერში, საწარმოო შენობაში დაიდგა.
მრავალსაუკუნოვანი მცდელობის შემდეგ, 1950-იან წლებში ადამიანები საბოლოოდ გადავიდნენ ცენტრალური გათბობის სისტემებზე. აქედან მოყოლებული, მათი განვითარება და დახვეწა დღემდე ვრცელდება.